ყოფილი პატიმრებისთვის უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი ხდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და „იურიდიული დახმარების სამსახურს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრები უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ.
შეთახნმების მიხედვით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი ყოფილ მსჯავრდებულებს უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და იურიდიული დახმარების სამსახურში გადაამისამართებს.
თავის მხრივ, იურიდიული დახმარების სამსახური ყოფილ პატიმრებს უფასო საადვოკატო მომსახურებას გაუწევს და საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავს. მხარეები ადასტურებენ დანაშაულის პრევენციის პრიორიტეტულობას და საჯარო დაწესებულებების მონაწილეობის მნიშვნელობას ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვაში.
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველ, გადახდისუუნარო მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფს. ამიერიდან კი ამ სერვისით „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებიც ისარგებლებენ.
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს დაიწყო. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა.