ვახტანგ კაპანაძე ჯოზეფ ჯერარდს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალს, ბრიგადის გენერალ ჯოზეფ ჯერარდს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. იმსჯელეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებულ თანამშრომლობასა და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე. ყურადღება გამახვილდა სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ავიაციისა და ეროვნული გვარდიის საკითხებში თანამშრომლობაზე. გენერლებმა დღეს სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობაზეც ისაუბრეს.
„ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან ჩვენს ეროვნულ გვარდიას დიდი ხნის ურთიერთობა აქვს. სწორედ, ამერიკის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დახმარება აღმოუჩინეს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი სტუმრობა, რადგან ჩვენი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება იგეგმება, გვინდა გავზარდოთ ეროვნული გვარდიის როლი სტიქიური უბედურების და სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ქვეყნის ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხებში. აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვნად გაზრდის ამ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ამერიკელ გენერალთან შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიაც დაესწრო. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დღესვე ODC-ის წარმომადგენელს, მაიორ კოლინ ტომფსონს, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა, საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის მადლობის ნიშნად მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები