ხვალ “დელტას“ ფასადზე ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი გაიხსნება

ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ხვალ სსსტც „დელტას“ ფასადზე ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი გაიხსნება, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერისთვის კი ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭების ცერემონია გაიმართება.
როგორც “კვირასთან“ საუბრისას ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა განაცხადა, ბარელიეფი მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილმა უანგაროდ დაამზადა.
“ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ბარელიეფი ყოფილი საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე გაიხსნება, ასევე სასიხარულოა, რომ „დელტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძალიან ლამაზ სკვერს საკრებულოს გადაწყვეტილებით ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება. ხვალისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე ეკონომიკის მინისტრს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე თბილისის მერიის და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს ველოდებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის მერიას, მერის მოადგილეს, ქალბატონ ნინა ხატისკაცს. უღრმესი მადლობა მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილის, რომელმაც სრულიად უანგაროდ იმუშავა ბარელიეფზე“, -აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ლელა ქართველიშვილმა.
ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული 9 სექტემბერს გაიხსნა და 19 სექტემბერს ქართული ავიაციის დღეს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები