საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვის ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს.
საუბარია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, 2016 წლის 1-ელ იანვრამდე, პრემიის მიღების უფლება შემდეგი თანამდებობის პირებს შეუჩერდებათ:
– საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მისი მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს;
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებს და გამგებლებს. ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.
როგორც საკითხის განხილვისას ზაქარია ქუცნაშვილმა განმარტა, პროექტის მიზანი მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის მხარდაჭერაა, რომლის მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან 4,5-მილიონი ლარის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები