კახა კახიშვილი: ალტერნატიული სასჯელების მხრივ არაერთი ნოვაცია იგეგმება
ალტერნატიული სასჯელების მხრივ არაერთი ნოვაცია იგეგმება, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს პრობაციის სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ დეტალურად განიხილეს საქართველოს პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები, სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები და დაგეგმილი სიახლეები.
გამოსვლაში, მინისტრმა კახა კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალტერნატიული სასჯელების მხრივ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არაერთი ნოვაცია იგეგმება. მინისტრის თქმით, ელექტრონული მონიტორინგის დანერგვა გააუმჯობესებს მსჯავრდებულზე ზედამხედველობას და შესაძლებელს გახდის უფრო ჰუმანურ პირობებში სასჯელის მოხდას.
კახა კახიშვილის განცხადებით, 2016 წლის მარტიდან ასევე იგეგმება არასრულწლოვანი მსჯავრდებულების წინასასამართლო შეფასების პროცესში, სასჯელის შეფარდებისას, სოციალური მუშაკების ჩართვა.
„ვფიქრობ, ამით არასრულწლოვანი მსჯავრდებულების უფლებები უკეთ იქნება დაცული და, საერთოდ, ახალ ნაბიჯს გადავდგამთ ჰუმანიზაციის მიმართულებით,“ – დასძინა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
მისივე, თქმით მალე ამგვარი ალტერნატიული სასჯელის გამოყენება სხვა პირებზეც გახდება შესაძლებელი.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ისაუბრა პრობაციის ეროვნული სააგენტოს, როგორც ქვეყანაში სარეაბილიტაციო მიდგომებით დანაშაულის პრევენციაში მონაწილე უწყების როლზე და აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა ამ სექტორში.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, ასევე, მოხდა „პრობაციის სამართლის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც გამიზნულია სტუდენტებისთვის, აკადემიური წრისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული პრაქტიკოსებისთვის. სახელმძღვანელო გამოიცა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID) მხარდაჭერით.