სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროს ეწვია
საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც სამხრეთ აფრიკის საჯარო სამსახურისა და ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს.
დელეგაციის წევრები დღეს იუსტიციის სამინისტროს ეწვივნენ.
ვიზიტის მიზანი ქართული რეფორმების გაცნობაა, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით ტარდება. სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: გოჩა ლორთქიფანიძე და მიხეილ სარჯველაძე შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე.
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია ის, რომ საქართველოს ყველა დაბასა და სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს სწრაფად და კომფორტულად შეეძლოთ სახელმწიფო სერვისების მიღება.
ამ მიზნით დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლები შენდება; შედარებით პატარა რაიონულ ცენტრებში საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს, რათა ადგილობრივთ სერვისების მისაღებად საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით გამგზავრება არ დასჭირდეთ; პატარა სოფლებს კი „ლიბერთი ბანკის“ მობილური ფილიალები ემსახურება − ექსპრესმომსახურება მოქალაქეებს საბანკოსთან ერთად სახელმწიფო სერვისების მომსახურებების მიღების საშუალებას აძლევს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ პოლიტიკის შედეგია საქართველოს წარმატება ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით.
„OGP“-ის მონაწილე ქვეყნების შეფასებით, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
დღესვე დელეგაცია მინისტრის მოადგილესთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვევა და საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა.