რა დავალება მიიღო ამ დღეებში საბანკო სექტორმა ეროვნული ბანკისგან?

გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის სესხების ნაწილზე დარეზერვების მოთხოვნის გაზრდა დაიწყო, – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ გადახდისუუნარო კლიენტების საქმეები ცუდ კატეგორიაში გადავა და მოგების ხარჯზე დარეზერვდება.
“გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის სესხების ნაწილზე დარეზერვების მოთხოვნის გაზრდა დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადახდისუუნარო კლიენტების საქმეები ცუდ კატეგორიაში გადავა და მოგების ხარჯზე დარეზერვდება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ე.წ. ურჩი კლიენტების საქმეები გადავა პრობლემურ განყოფილებაში და გადაეცემათ კერძო სააგენტოებს, ანუ კანონგარეშე შექმნილ სამსახურებს, საიდანაც იქნება ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტერორის გზით ფულის დაბრუნება“, -წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.
გამოცემას საბანკო ექსპერტ ლია ელიავას განცხადებაც მოჰყავს, რომელშიც ის ამბობს, რომ ქადაგიძეს ამ საქმეში კარგი გამოცდილება აქვს და ის სწორედ ასეთი გზთ ცდილობდა “ქართუ ბანკის“ გაკოტრებას.
“ქადაგიძემ “ქართუს“ ხელოვნურად გაუფუჭა სესხები და მერე აიძულა, ამ მოცულების თანხა დაერეზერვებინა, ანუ ბანკი ზარალში გადააგდო. ახლა იგივე მექანიზმია, მაგრამ სპეციალურად არ კეთდება, ეს არის ზედამხედველობის ერთ-ერთი მექანიზმი. კომერციულ ბანკებს ავალდებულებენ, ჰქონდეთ იმ რაოდენობის თანხა, რამდენიც გაცემული აქვთ გაფუჭებულ სესხებში. ესე იგი, მავანი ვერ იხდის? მაშინ შენ დადე შენი მოგებიდან. ამ შემთხვევაში ხალხი ვერ იგებს ვერაფერს, ბანკები იწყებენ ინტენსიურ ზემოქმედებას, რათა ადამიანები აიძულონ, ფული მოიტანონ. იყენებენ ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს, ურეკავენ, აშინებენ, სესხს გადასცემენ რომელიმე კოლექტორულ სააგენტოს, რომელიც იწყებს თავის პროცედურებს. საქართველოში არ არსებობს კანონი კოლექტორული სააგენტოების შესახებ, მაგრამ ისინი მაინც არსებობენ. ახლა ბანკები ცდილობენ, ეს საქმეები იურიდიულ პირებს გადააბარონ და თავიდან მოიცილონ ბინძური პროცედურა. ბოლო დროს მრავლად შეიქმნა შპს-ები, რომლებიც დაკომპლექტებულია ყოფილი ძალოვნებით და დაშინების მეთოდებით ხალხს აიძულებენ, სესხები დააბრუნონ. აქ უკვე აშკარა სამართალდარღვევებზე მიდიან. მე ვამბობ, რომ ამ კუთხით აუცილებლად არის კანონი მისაღები, მაგრამ პარლამენტში ხმას არავინ იღებს“,-აცხადებს ლია ელიავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები