თინა ხიდაშელი თსუ-ს მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.
თავდაცვის მინისტრმა ახალგაზრდებს მაგისტრის წოდების მინიჭება მიულოცა. მან მაგისტრებს გაუმხილა, რომ მომავალ კვირას თავდაცვის სამინისტრო 400 ვაკანსიას გამოაცხადებს და კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა.
თინათინ ხიდაშელის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის სტატუსი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მაგისტრებს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით მოპოვებული თავისუფლების წარმატებით მართვა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა. „ძალიან საამაყოა, როდესაც ამ უნივერსიტეტის კედლებში ამდენი წლის განმავლობაში გვიწევდა ყოფნა ყველას, ვინც უნივერსიტეტელები ვართ; კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მომავალი თაობებისთვის ვიყოთ მაგალითი და ჩვენთვის საამაყო იყოს უნივერსიტეტელობა. ყველა ჩვენგანი ამ დროშას ვატარებთ და ამ დროშას უნდა ვემსახუროთ მუდმივად, სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ სწავლის ამ საფეხურის დასრულება მიულოცა და განაცხადა, რომ მაგისტრები ჩვენი ქვეყნის სერიოზულ საკადრო პოტენციალს წარმოადგენენ.
ახალგაზრდებს სიტყვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა და წარმატებულმა კურსდამთავრებულებმაც მიმართეს.
საზეიმო ღონისძიება მუსიკალურმა ბენდმა Goofyland-მა დაასრულა.
თსუ-ში 90 საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა მოქმედებს. 2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 800-მდე სტუდენტმა დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები