ამერიკის “სამართლიანი შრომის ასოციაციამ” დავით სერგეენკოს სპეციალური წერილით მიმართა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ამერიკის “სამართლიანი შრომის ასოციაციამ” (FLA) საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გონივრული მინიმალური შრომის ანაზღაურება დააწესოს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შრომის სახელმწიფო ინსპექცია შექმნას.
როგორც “კვირას“ პროფკავშირებიდან აცნობეს, “სამართლიანი შრომის ასოციაციამ”, რომელიც მსოფლიოს საფეიქრო მრეწველობის უმსხვილეს ბრენდებს აერთიანებს, მათ კონტრაქტორ საწარმოებში შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიზნით, საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრს დავით სერგეენკოს სპეციალური წერილით მიმართა. პროფკავშირები ასევე ასაჯაროებს წერილს, რომელიც, მათი ინფორმაციით, დღემდე კონფიდენციალური იყო.
დოკუმენტის თანახმად, ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააწესოს გონივრული მინიმალური შრომის ანაზღაურება ქვეყანაში და შექმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შრომის სახელმწიფო ინსპექცია, განსაკუთრებით საქართველოს ტექსტილის სექტორში დასაქმებულებისთვის. წერილის ხელმომწერთა შორის არიან უმსხვილესი კომპანიები: Adidas Group, New Balance, Nike, Puma.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ასევე ავრცელებს ამონარიდს მოხსენებიდან, რომელიც საფუძვლად უდევს FLA-ს რეკომენდაციას.
“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აღნიშნავს, რომ 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც სახელფასო მინიმუმი 20 ლარით განისაზღვრა, რეალურად მხოლოდ საჯარო სექტორში გაიზარდა მინიმალური ხელფასის ოდენობა, თანაც რამდენჯერმე, კერძო სექტორში დასაქმებულთათვის კი არაფერი შეცვლილა. კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი გაცილებით დაბალია ადამიანის ყოველთვიურ საარსებო მინიმუმზე. საქართველოში არსებულმა კომპანიებმა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებმა გამოხატეს მოსაზრება, რომ არსებული სახელფასო მინიმუმი საწარმოებში დასაქმებულთათვის არანაირადაა საკმარისი. მინიმალური ხელფასის ასეთმა დონემ საქართველოში ტანსაცმლის წარმოების სფეროს სხვადასხვა საწარმოში გამოიწვია დასაქმებულთა ხელფასებს შორის დიდი სხვაობა.
მშრომელთა უფლებების საერთაშორისო დამცველების მიერ წამოწყებული კამპანიის – Clean Clothes Campaign-ის ანგარიშის თანახმად, პოსტსაბჭოურ ევროპულ ქვეყნებში “[სხვა ქვეყნებს შორის] საქართველოში მომუშავე პირებს აქვთ გაღარიბების მაღალი რისკი, რადგანაც სრულიად არ არსებობს მათი კანონიერი და ინსტიტუციონალური დაცვა”, – ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები