გიორგი მღებრიშვილი: აშშ-ს მიერ გადმოცემული ტექნიკა ხელს შეუწყობს ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვას

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აშენებული ყველა ობიექტი და გადმოცემული ტექნიკა ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვარზე ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვას, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში, სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შს მინისტრმა აშშ–ს თავდაცვის სფეროში საფრთხეების სააგენტოს ხელმძღვანელობას ბათუმის თანამედროვე ნავმისადგომის მოწყობისა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქვეყნის სუვერენიტეტის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საზღვარია. დაცული გამართული სასაზღვრო სისტემა ჩვენი ძლიერების საფუძველია. ეს ფუნდამენტი უფრო მყარია მაშინ, როდესაც მის გაძლიერებაში გეხმარება ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში საფრთხეების სააგენტოს ხელმძღვანელობას ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტის – ბათუმის თანამედროვე ნავმისადგომის მოწყობასა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, აღსანიშნავია, რომ ახალ ნავმისადგომს მოდერნიზებული საპატრულო კატარღაც შეემატა,რომელსაც ჩემი ბრძანებით მიენიჭა სახელი -“ბათუმი“.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აშენებული ყველა ობიექტი და გადმოცემული ტექნიკა ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვარზე ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვას. ჩვენი უწყება თანამიმდევრულად მიყვება მთავრობის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიისა და 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმას, რომლის შესრულება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებას საერთაშორისო სტარნდარტების შესაბამისად აღჭურვასა და ეფექტურ, მოქნილ მაღალპროფესიულ სამსახურად ჩამოყალიბებას, ვსარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას პარტნიორ სახელმწიფოებს, ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომლებიც აქ იმყოფებიან გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები