ანაკლიაში, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ევროკავშირის ორგანიზებით, ანაკლიაში, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე დევნილები სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის სხვადასხვა ჩასახლებიდან.
შეხვედრის მიზანი იყო სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და დევნილთა წინადადებების მოსმენა დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის შესახებ. ევროკავშირის ექსპერტმა ჯუდის კიერსმა მოწვეულ სტუმრებს მოკლედ წარუდგინა დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია და ისაუბრა იმ შესაძლო დასაქმების პერსპექტივებზე, რომლებიც სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში დევნილი მოსახლეობისათვის არის, ან შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი. ევროკავშირის ექსპერტმა ხაზი გაუსვა დევნილების მხრიდან აქტიური თანამშრომლობის საკითხს იმ სამინისტროებთან და სააგენტოებთან, რომლებიც სხვადასხვა სახის დასაქმების პროგრამებს ახორციელებენ. სამუშაო შეხვედრაზე დევნილებმა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.
შეხვედრის მეორე ნახევარში მონაწილეები ორ ნაწილად დაიყვნენ და მცირე ჯგუფებში განხილულ იქნა დევნილთა დასაქმების მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობა და ამ კუთხით მოხდა კონკრეტული წინადადებების გაზიარება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მცირე ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით დევნილთა დასაქმების საკითხს. მსგავსი სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთაში და გორში. მომავალში შეხვედრები დაგეგმილია ქუთაისში და თბილისში.