ნიუ-იორკში დავით უსუფაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
ნიუ-იორკში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებულ, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს.
კონფერენცია საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, საბერ ჩოდერის, გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნისა და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, სემ ქუტესას მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს მიმართა, ასევე, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა მშვიდობისა და შემრიგებლობის საკითხებში, მსახიობმა და ჰუმანისტმა ფორესტ უიტეკერმა.
პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის დღის წესრიგი ფოკუსირებულია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხებზე, რომლებიც საპარლამენტო ჭრილში განიხილება.
დღესვე, კონფერენციის პარალელურად, დავით უსუფაშვილი სამუშაო შეხვედრებს გამართავს უგანდის პარლამენტის სპიკერთან, რებეკა კადაგასთან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტთან, ლორენს დუმონთან, ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატის პიკერთან, იან ჰამაჩეკთან და შვედეთის პარლამენტის სპიკერთან, ურბან აჰლინთან.