სასწრაფოდ: ბათუმის დელფინარიუმში დელფინების გათავისუფლების მოთხოვნით 6 პირი შეიჭრა – არიან დაშავებულები (ვიდეო)

ბათუმის დელფინარიუმში 6 პირი შეიჭრა. მათი მოთხოვნა დელფინების გათავისუფლება იყო. როგორც “კვირას” დელფინარიუმის შოუს წამყვანმა ბერდია კუტუბიძემ განუცხადა, ინცინდენტის დროს, ახალგაზრდების ჯგუფმა ცრემლსადენი ტოქსიკური აირი გამოიყენა, რის შედეგადაც დელფინარიუმის რამდენიმე თანამშრომელი დაზარალდა. ამასთან, მომხდარის გამო სტრესის ქვეშ იმყოფებოდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვანები.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შპს “შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა”, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს, 30 აგვისტოს, ბათუმის დელფინარიუში დაახლოებით 16:00 შემოიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თვითნებურად გაარღვია კორდონი, (უცხო პირთათვის აკრძალული ტერიტორია) ისინი შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში და დაარბიეს სამუშაო პროცესი. დელფინარიუმის დაცვის წევრების რეაგირებას მათ ფიზიკური აგრესიითა და ცრემლსადენი ტოკსიკური აირის გამოყენებით უპასუხეს.
დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი.
დაფიქსირდა ვანდალური ფაქტი, რომელიც აღემატება ყოველგვარ ზღვარს ორგანიზაციული, საზოგადოებრივი თუ სხვა მსგავსი ქმედებისა. აღნიშნული ქმედება მოკლებულია მოქალაქეობრივ ეთიკას თუ თვითშეგნებას.
დელფინარიუმის ბინადრები და ზოგადად “6 მაისის პარკში” არსებული ობიექტები ბინადრებითურთ წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას!
ცნობისათვის, შპს “შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი” ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები