ოდესაში მილიციის უფროსი დააკავეს

უკრაინის სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ოდესის ოლქის მილიციის სამმართველოს უფროსი დააკავა. დაკავებულს ბრალდება ქრთამის აღების მუხლით წაუყენეს. დაკავების ოპერაციაში უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერატიული მუშაკები მონაწილეობდნენ.
მთავარი სამხედრო პროკურორის ანატოლი მატიოსის ინფორმაციით, ქრთამის ოდენობა 20 ათას დოლარს შეადგენს.
„უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ამ უწყების მიერ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ცხელ კვალზე“ დაკავებულია ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი“, – დაწერა მატიოსმა ფეისბუკის გვერდზე.
პროკურორმა, რომელმაც დაკავებულის ვინაობა არ დაასახელა, აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. თავის მხრივ, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მილიციის უფროსის დაკავების დროს სროლის ხმა ისმოდა, ვინაიდან ოპერაციის მონაწილეებმა ტაბელური იარაღი გამოიყენეს. სააკაშვილის თქმით, „მსგავსი ხისტი მეთოდებით“ მისი გუნდი აპირებს რეგიონში არსებულ მექრთამეებს 24-საათიან რეჟიმში ებრძოლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები