თემურ ჩხაიძე; გურიის ფეხბურთის ფედერაციას თავისი აღმასკომი ჰყავს, რატომ ჰყავს ის აღმასკომი თუ არაფერს ეკითხება?!

ლანჩხუთის მაჟორიტარ-დეპუტატის, თემურ ჩხაიძის განცხადებით, გურიის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების დელეგატის კანდიდატურა აღმასკომთან არ შეთანხმებულა.
ლანჩხუთის მაჟორიტარ-დეპუტატი გურიის რეგიონული ფედერაციის მხრიდან, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დელეგატად გოჩა ტყებუჩავას წარდგენის ფაქტს ასე გამოეხმაურა.
როგორც ჩხაიძემ  განაცხადა,  იმისთვის, რომ ეჭვი არ გაჩენილიყო, დელეგატის კანდიდატურა აღმასკომთან უნდა შეთანხმებულიყო.
„გურიის ფეხბურთის ფედერაციას თავისი აღმასკომი ჰყავს, რატომ ჰყავს ის აღმასკომი თუ არაფერს ეკითხება?! აღმასკომში 6 წევრია, რომლებსაც დარწმუნებული ვარ არავინ არაფერი შეეკითხა. ჩემი აზრით გურიის ფედერაცია აღმასკომის წევრებს უნდა შეეკითხოს, მათ კი რამდენიმე კანდიდატი უნდა წარადგინონ“,- განაცხადა მაჟორიტარ-დეპუტატმა.
რაც შეეხება დელეგატ გოჩა ტყებუჩავას, მაჟორიტარის თქმით, მისი საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს.
„ტყებუჩავას საწინაარმდეგო არავის არაფერი აქვს, როგორც პიროვნებას, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. შესაძლოა მას გაემარჯვა კიდეც. ეს საკითხი აღმასკომზე უნდა გასულიყო  და სხვა კანდიდატებიც დასახელებულიყვნენ, თუმცა ასე არ მოხდა“,- განაცხადა თემურ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. გურიის ფეხბურთის ფედერაციამ კანდიდატად რევაზ არველაძე, ხოლო დელეგატად გოჩა ტყებუჩავა წარადგინა. ტყებუჩავა ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი და არველაძესთან დაახლოებული პირია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები