PWC-ი თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაში ერთვება

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩაერთო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და რომელსაც 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მიღებული მონაწილეობა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.
დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და PWC-ს წარმომადგენელმა, რაჰულ გუფთა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ცნობილია, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გრძელვადიან პერიოდში დედაქალაქის სივრცითი განვითარების უზრუნველსაყოფად, სტრატეგიულ ხედვისა და პრიორიტეტების განხორციელების გზების განსაზღვრის მიზნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონკურსი გამოაცხადა. PWC მონაწილეობას მიიღებს საკონკურსო კომისიის სხდომებში, დაესწრება პრეზენტაციების განხილვებს, ჩაერთვება გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური PWC-სთან ერთად შეიმუშავებს გამარჯვებულ ჯგუფთან დასადები კონტრაქტის ფორმას.
PricewaterhouseCoopers-ი გეგმარებითი დავალების სრულყოფაში დახმარებას გაუწევს როგორც გამარჯვებულ კონკურსანტებს, ისე, არქიტექტურის სამსახურს. პრესკონფერენციის დასრულებისთანავე გაიმართა კონკურსანტთა პროექტების პრეზენტაციები, რომლებიც შემდგომ გახდება საჯარო და აიტვირთება ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე – www.tas.ge.
19 მაისს გამოაცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს როგორც საქართველოს, ისე, სხვა ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას, იურიდიულ პირთა გაერთიანებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკონკურსო წინადადებების მიღება 2015 წლის 01 აგვისტოს დასრულდა. ამის შემდეგ კომისიის ყველა წევრს, განსახილვევლად დაეგზავნა შემოსული თერთმეტივე საკონკურსო წინადადება.
კომისიის წევრები არიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობა, სხვადასხვა სამსახურის უფროსები ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არქიტექტორთა კავშირის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები