თამარ ბერუჩაშვილი: ნატოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, დეტალურად გაეცნოს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს

ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მკაფიო დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ალიანსისა და მისი ქვეყნების დღის წესრიგში, – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელ ვიზიტს საქართველოში.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს გაეცნობა.

“ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მკაფიო დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ალიანსის ქვეყნების და ნატოს დღის წესრიგში. ნატოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, დეტალურად გაეცნოს რეგიონში მიმდინარე პროცესებს, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე განმარტებით, სტოლტენბერგის ვიზიტის დღის წესრიგში პროგრამის მიხედვით განსაზღვრულია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, ასევე მას საშუალება ექნება დაესწროს ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფება.
10:25 საათზე, გმირთა მოედანზე, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ დაღუპულ გმირთა მემორიალს. 10:45 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს შეხვდება. 14:10 საათზე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია გაიმართება. ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულსაც შეხვდება, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა. ცენტრის გახსნის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები