უკრაინამ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს პროკურატურაში დასაკითხად წერილი DHL-ით გაუგზავნა

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკრაინის მთავარ სამხედრო პროკურატურაში დასაკითხად გამოიძახეს. პროკურატურის უწყება მას DHL-ით გაუგზავნეს. ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა შეატყობინა.
DHL-მა ოფიციალურად აცნობა უკრაინის პროკურატურას, რომ გერასიმოვის გამოძახების უწყება მას რუსეთის გენერალური შტაბის მისამართზე, მოსკოვში, ზნამენკას ქუჩაზე ჩააბარეს.
„ჩვენ ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ გერასიმოვი დასაკითხად კიევში არ ჩამოვიდოდა, თუმცა მინდა მან და სხვებმას გაითვალისწონონ, რომ ასეთ საერთაშორისო დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არა აქვს“, – აცხადებს მატიოსი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაახლოებით ერთი თვის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით გერასიმოვი უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წელს აგრესიული ომის გაჩაღებაშია ეჭვმიტანილი. რუსეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტში არ მონაწილეობს და იქ მისი სამხედროები არ იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები