ოდესაში ახალმა საპატრულო პოლიციამ ფიცი დადო (ფოტო, ვიდეო)
ოდესის ქუჩებში ახალი საპატრულო პოლიცია გამოჩნდება. პოლიციელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ქალაქის ცენტრში გაიმართა. მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, შს მინისტრი არსენ ავაკოვი, მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაესწრნენ.
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ანტონ გერაშენკოს თქმით, ოდესაში წესრიგს 382 საპატრულო პოლიციელი დაიცავს.
„ამის შემდეგ ოდესის ქუჩებში სულ სხვა წესრიგი იქნება და მოქალაქეების უსაფრთხოება უფრო დაცული იქნება“, – დაწერა გერაშენკომ „ფეისბუკის“ გვერდზე.
ოდესის საპატრულო პოლიციის მეთაურად მაიორი ბოგდან ფედუნი დაინიშნა. კიევის შემდეგ რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიცია ლვოვში შეიქმნა. ლვოვის პოლიციის უფროსად იური ზოზულია დაინიშნა.