გორის სამხედრო ჰოსპიტალი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეიდან შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობა C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს. თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის შეთანხმების საფუძველზე ჰოსპიტალს დროებით სარგებლობაში სპეციალური საკვლევი აპარატი, ფიბროსკანი გადაეცა, რომელიც ინფექციურ განყოფილებაში განთავსდა. იქვე გაიცემა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი – „სოფოსბუვირი“.
სამხედრო ჰოსპიტალში ახალი სამკურნალო პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით გორში თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდნენ. მინისტრებმა გორის ჰოსპიტალის დირექტორ ალექსანდრე გვიჩიასთან ერთად ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული С ჰეპატიტის პროგრამა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ღირებული საქმეა, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში ხორციელდება საქართველოში. მოხარულები ვართ, რომ გორის ჰოსპიტალი შეირჩა შიდა ქართლში მომსახურების ცენტრად. ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტრო მზად არის, ნებისმიერი ფორმით აღმოუჩინოს დახმარება ამ პროგრამას. იყოს მისი მონაწილე და სრულფასოვანი განმხორციელებელი. ჰოსპიტალი სამხედროების გარდა სამოქალაქო პირებსაც ემსახურებოდა და, ბუნებრივია, ეს პროგრამა, ამ მხრივ, არ იქნება განსხვავებული“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ჯანდაცვის მინისტრმა გორის ჰოსპიტალის მაგალითზე სამოქალაქო და სამხედრო ჯანდაცვითი დაწესებულებების სანიმუშო მოდელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო ჰოსპიტალში С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში რეგიონის და კონფლიქტის ზონის მოსახლეობა ადგილზე მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებს. „გორის ჰოსპიტალში მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ, მათ სჭირდებოდათ დამატებითი აღჭურვილობა, რომლითაც სამინისტრო დაეხმარა. დღეს სისტემა გამართულია და უახლოეს დღეებში პაციენტების პირველ ნაკადს მიიღებენ. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც მოსახლეობის ჩართულობის მხრივ, ისე სამოქალაქო და სამხედრო ჯანდაცვითი დაწესებულებების მართლაც სანიმუშო მოდელის მხრივ, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრებმა დღესვე გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული ექიმების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები