გულიკო ზუმბაძე დიდი ლილოს მცხოვრებლების ჯანმრთელობის შესწავლას და საგანგებო ღონისძიებების გატარებას ითხოვს
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ დედაქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებით დიდი ლილოს მაცხოვრებლების ჯანმრთელობის შესწავლა და საგანგები ღონისძიებების გატარება მოითხოვა. როგორც ზუმბაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც დიდი ლილოს ტერიტორიაზე გარემოზე ზემოქმედების შესწავლის პროცედურის დაცვის გარეშე ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი განთავსდა, ახლომდებარე დასახლებების მაცხოვრებლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სულ უფრო მეტად უჩივიან.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მერიის შესაბამის უწყებებში პოლიგონზე ვითარების ნორმალიზაციისა და დედაქალაქისთვის ახალი ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზების პროცედურა უკვე დაწყებულია, თუმცა პროცესი რამდენადმე გაჭიანურდა.
„მე, როგორც საკრებულოს მაჟორიტარ წევრსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი-,,ყველა ადამიანს აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში’’, – განაცხადა დეპუტატმა.
გულიკო ზუმბაძემ გარემოს მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის დროულად და სრულად მიღების მიზნით საკუთარი მოთხოვნები ჩამოყალიბა:
1. შესწავლილი იქნას დიდი ლილოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის ფუნქციონირებით გამოწვეული უარყოფითი გავლენა;
2.განსაკუთრებულ კონტროლზე იქნას აყვანილი აღნიშნულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და გატარდეს შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები;
3. გაიხსნას და ამოქმედდეს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ობიექტები დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, ნასაგურის, წინუბანისა და ორხევის დასახლებებში;
4.მოსახლეობას სისტემტურად მიეწოდოს ინფორმაცია გარემოს დაცვის მდგომარეობის შესახებ.
ბრიფინგს დიდი ლილოს მაცხოვრებლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის არსებობით გამოწვეულ პრობლემებსა და გაუსაძლის საცხოვრებელ გარემოზე ისაუბრეს.