ნიკოლაი პატრუშევმა ჩინოვნიკები Google-ის, Yahoo-სა და WhatsApp-ის გამოყენებისთვის გააკრიტიკა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გუბერნატორებს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც უცხოურ საიტებს Google, Yahoo და WhatsApp-ს იყენებენ, შესაბამისი ზომების მიღება მოსთხოვა. მისი განცხადებით, ამ საიტებთან მუშაობა გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. ვლადივოსტოკში გამართულ თათბირზე პატრუშევმა ჩინოვნიკები უცხოური ტელესაკომუნიკაციო სერვისების გამოყენებისთვის გააკრიტიკა.
„ეს საკითხი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში განსაკუთრებით მწვავედ დგას“, – განაცხადა ჩინოვნიკმა.
პატრუშევის თქმით, ყოვლად დაუშვებელია ჩინოვნიკების მხრიდან საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის დროს უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა, რის შედეგად სახელმწიფო და მუნიციპალური საინფორმაციო სისტემები სათანადოდ დაცული არ არის. პატრუშევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების საინფორმაციო სისტემებში უცხოური დაზვერვების პროგრამული საშუალებები იყო აღმოჩენილი.
შეგახსენებეთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში პატრუშევმა ჩინოვნიკების მიერ ინტერნეტის გამოყენების პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩინოვნიკები სამსახურიდან სოციალურ ქსელებში შედიან და იქ პერსონალურ მონაცემებს ტოვებენ, ასევე ისინი „ბედნიერების წერილებს“ ხსნიან და საეჭვო საიტებს ათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები