მერილენდის შტატის ერთ-ერთ ციხეში მარიხუანის შეგზავნას უპილოტო საფრენი აპარატით ცდილობდნენ
აშშ-ს მერილენდის შტატის პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატით ადგილობრივ ციხეში ნარკოტიკების და პორნოგრაფიის შეგზავნის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები.
ციხის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ორი მამაკაცი კემბერლენდის ციხესთან იყო შემჩნეული. მათ ავტომობილში პოლიციამ დრონი, პისტოლეტი, ასევე კონტრაბანდა – ნარკოტიკები და პორნოგრაფია აღმოაჩინა. პოლიციის ვერსიით, დამნაშავეები ციხეში სინთეთიკური მარიხუანის და პორნოგრაფიული DVD-ის შეგზავნას გეგმავდნენ.
მსგავსი შემთხვევები ცოტა ხნის წინ ოჰაიოს და სამხრეთ კაროლინას შტატებშიც მოხდა. მას შემდეგ, რაც ოჰაიოს ერთ-ერთი ციხის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით თამბაქო, მარიხუანა და ჰეროინი ჩააგდეს, პატიმრებს შორის ჩხუბი მოხდა. პოლიციამ კონტრაბანდული ტვირთი ამოიღო, ხოლო პატიმრები ერთკაციან საკნებში გადაიყვანეს.