უკრაინელ კინორეჟისორს რუსეთში 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინელი კინორეჟისორი ოლეგ სენცოვი ტერორისტული დაჯგუფების შექმნაში დამნაშავედ სცნო და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამასთან, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინის მემარცხენე აქტივისტს ალექსანდრე კოლჩენკოსაც.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის და პროკურატურის მიერ ოლეგ სენცოვის და ალექსანდრე კოლჩენკოს წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების მიხედვით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მათ სიმფეროპოლში „ყირიმის რუსული სათვისტომოს“ და „ედინაია როსიას“ ოფისში ხანძარი მოაწყეს. გარდა ამისა, გამოძიების მასალების მიხედვით, სენცოვი ლენინის ძეგლის აფეთქებასაც გეგმავდა.
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები ოლეგ სენცოვს და ალექსანდრე კოლჩენკოს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. უკრაინის ხელისუფლება მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ასევე ყველა იმ პირის გათავისუფლებას, რომლებიც რუსეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა ყირიმში, დონბასში და სხვა ადგილებში აიყვანეს.