ესტონეთი რუსეთის საზღვარზე 2-მეტრიან კედელს ააშენებს
ესტონეთის პოლიციის და სასაზღვრო დეპარტამენტი რუსეთის საზღვარზე კედელს ააგებს. მისი სიგრძე 108 კილომეტრი იქნება, ხოლო სიმაღლე – 2,5 მეტრი.
„კედლის გარდა, დამონტაჟებული იქნება სპეციალური ღობე, რომელიც გარეული ცხოველების გადაადგილებას შეაფერხებს. რაც შეეხება ჭაობებს, იქ კედელი არ აშენდება, მხოლოდ სასაზღვრო ბოძები იქნება აღმართული“, – წერს ესტონური გამოცემა Postimees. პატრულირებისთვის ვიდეოკამერები და უპილოტო საფრენი აპარატები იქნება გამოყენებული. სამუშაოები 2018 წელს დაიწყება და მათი ღირებულება 71 მილიონ ევროს შეადგენს.
მანამდე ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის რუსეთთან საზღვრის დემარკაციას ცალმხრივად მოახდენს. ამისთვის სახმელეთო საზღვარზე 760 ბოძი და წყალში 412 ტივტივა იქნება დაყენებული. რუსეთში აცხადებენ, რომ ესტონეთის მიერ ჩატარებული საზღვრის დემარკაციას იურიდიული ძალა არ ექნება, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საზღვარი სხვა ადგილზე გადიოდა. ესტონეთს კი, საზღვრის გასავლელად 1920 წელს ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულებაში ჩაწერილი მონაცემები მოჰყავს, ვინაიდან მისი დენონსაცია არ მომხდარა.