საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი: ყველას მოვუწოდებ, განაგრძონ საქმის კეთება, ამ ატაპზე არავის შეცვლას არ ვაპირებ

არც უდანაშაულო ადამიანი დამისჯია და არც დამნაშავე არ დამინდია, – ამის შესახებ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა რაზმაძე გაზეთი “ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. ამით გოგა რაზმაძე შემდეგ კითხვაზე პასუხობს: “გამომძიებლად იმ პერიოდში მოგიწიათ მუშაობა, როცა კორუფცია მართლა ყვაოდა პოლიციაში, გამომძიებელს ზემდგომები მიუთითებდნენ, როგორ გამოეძიებინა საქმე, ვინ დაესაჯათ და ვინ –არა. სიმართლე მითხარით, ქრთამი არ შემოუთავაზებიათ თქვენთვის? თქვენი უფროსების უკანონო მითითებით არ გიწარმოებიათ გამოძიება და ან, უდანაშაულო ადამიანი არ დაგისჯიათ და ან, დამნაშავე არ გაგიშვიათ?“

“არა, არც უდანაშაულო ადამიანი დამისჯია და არც დამნაშავე არ დამინდია. ქრთამით რომ მეცხოვრა, დღემდე როგორც პროფესიონალი, ვერ მოვაღწევდი, ჩავიკარგებოდი იმ ჭაობში“-აღნიშნავს რაზმაძე.

რაც შეეხება შესაძლო საკადრო ცვლილებებს, რაზმაძე აცხადებს, რომ არანაირი საკადრო წმენდის ჩატარებას არ აპირებს.

“არანაირი გუნდით არ მოვსულვარ აქ, მარტო მოვედი და არც არანაირი წმენდის ჩატარებას არ ვგეგვავ. ჩემს გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც კარგად მუშაობენ და შედეგს აჩვენებენ. ყველას მოვუწოდებ, განაგრძონ საქმის კეთება, მე ამ ატაპზე არავის შეცვლას არ ვაპირებ. პროფესიონალ, პატიოსან და თავდადებულ ხელმძღვანელს მოვხსნი იმის გამო, რომ მის ადგილას ვინმე ჩემიანი დავნიშნო? ამას არც კი ვიფიქრებ. საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომელი, ვინც ღირსეულად აკეთებს თავის საქმეს, ჩემიანია, და ჩათვალონ, რომ მე მათი მეგობარი ვარ და ჭირსა თუ ლხინში, არასდროს არ მივატოვებ“, – აცხადებს გოგა რაზმაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები