კერძო ინვესტორი რუსი პროგრამისტისთვის თავის გადანერგვის ოპერაციას დააფინანსებს
კერძო ინვესტორმა, რომლის ვინაობა უცნობია, სურვილი გამოთქვა 100 მილიონი დოლარი გადაიხადოს, რათა რუსი პროგრამისტის, ვალერი სპირიდონოვის თავის გადანერგვის ოპერაცია დააფინანსოს.
რუსეთის მოქალაქე ვალერი სპირიდონოვი – მსოფლიოში პირველი პაციენტია, რომელიც თავის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას დათანხმდა. ოცდაათი წლის მამაკაცი განუკურნებელი სენით – ზურგის კუნთების ატროფიით არის დაავადებული. ის, რომ ოპერაციის დაფინანსებას მსურველი გამოუჩნდა, ჟურნალისტებს თავად სპირიდონოვმა უამბო.
„ოპერაცია 2017 წლისთვის არის დაგეგმილი. ეს ადამიანი მას 100 მილიონი დოლარით დააფინანსებს. ოპერაციას იტალიელი ნეიროქირურგი სერჯიო კანავერო ჩაატარებს“, – განაცხადა სპიროდონოვმა.
წელს სპირიდონოვი აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ის კანავეროს შეხვდა. ამის შემდეგ პაციენტმა და ექიმმა თავის გადანერგვის პროექტი ქირურგ-ტრანსპლანტატორებს გააცნეს, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ.