თბილისის მერმა ვერეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს გზის დაზიანებული მონაკვეთებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების აღდგენა. გარდა ამისა, მზიურის მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, მიმდინარეობს ხიდის მშენებლობა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით,შეთანხმებული გეგმის მიხედვით, გზის ერთი ნაწილი დაახლოებით 15 სექტემბრისთვის გაიხსნება, სექტემბრის ბოლომდე კი გზაზე მოძრაობა მთლიანად იქნება შესაძლებელი.

„სამუშაოები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც დღის, ასევე მთელი ღამის განმავლობაში, რათა დროულად იქნას დასრულებული ხიდის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს გზების ჩაწყვეტილი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა. წყნეთის 13 ნომერთან გამორეცხილი მონაკვეთისთვის შენდება ძალიან დიდი საყრდენი კედელი, აქედან გამომდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს გზა მთლიანად უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

უკვე დასრულებულია, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე არსებული წყალგამტარი გვირაბების მონიტორინგი. გვირაბების ნაწილის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება, მეორე ეტაპზე კი, დარჩენილი გვირაბები შეკეთდება. საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, მდინარე ვერეზე სულ 7 გვირაბია აშენებული, აქედან 6 რეაბილიტაციას ექვემდებარება, მეშვიდე გვირაბის ნაცვლად კი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფორისის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

„ჩვენ ამ ეტაპზე ვიწყებთ გვირაბების სათავისების სამუშაოებს. იქ სადაც ისინი პირდაპირ კავშირშია გზის მონაკვეთთან, მათი დასრულება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად აუცილებელია. ამასთან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ყველა დანარჩენი მიმართულებით, როგორც წყნეთის ქუჩის 13 ნომერთან, ასევე 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება მუშაობა გზის რეაბილიტაციასთან და ხიდთან დაკავშირებით“,- განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებენ. პროექტის საერთო ღირებულება 14.7 მლნ ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები