13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს თბილისის მერიამ საცხოვრებელი ბინები შეუძინა
13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა 12 ოჯახმა თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა უკვე შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსამსახურის ინფორმაციით, ჯიბუტების, ახალკაცების და ზანგურაშვილების ოჯახები ახლად შეძენილ ბინებში თბილისის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელმა, ლაშა აბაშიძემ და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ მოინახულეს.
ჯიბუტების 11 -სულიანმა ოჯახმა ანაზღაურება სულადობის მიხედვით აირჩია, ასეთივე ანაზღაურების მეთოდოლოგიას მიანიჭეს უპირატესობა ზანგურაშვილების 3- სულიანმა და ახალკაცების 7 -სულიანმა ოჯახებმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა მათთვის ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს.
„დღეს მოვინახულეთ ოჯახები, რომლებმაც ჩვენ მიერ გადარიცხული თანხებით ბინები შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს დანარჩენ ოჯახებთან, სრულად ვართ მობილიზებულები და მათი მხრიდან ხელმოწერისთანავე ყველა ოჯახს გადაერიცხება შესაბამისი თანხა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამ დროისთვის თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა უკვე 12 ოჯახმა შეიძინა ბინა.
20 აგვისტოს მდგომარეობით, თბილისის მერიამ 32 ოჯახს 8 860 396 ლარი გადაურიცხა.
მათგან 14-მა ოჯახმა აირჩია თანხის ანაზღაურება სულადობის მიხედვით, ხოლო 18-მა – მათ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.
დღესვე, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაკრები გადასცეს.
მათი განცხადებით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის შეიძენს ტექნიკის ნაკრებს.