“პოზიცია” უკრაინის არასამთავრობოების ფორუმზე, კიევში საქართველოს წარადგენს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, უკრაინის დედაქალაქშია მიწვეული, სადაც 24 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო დემოკრატიული პროცესების ფარგლებში არაერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ფორუმი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.

მომავალი კვირიდან კიევში, სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკრებაზე, „მესამე სექტორის“ წარმომადგენლები, ძირითადად, განათლების, კონფლიქტების, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კულტურათაშორისი სწავლების შესახებ თავიანთ მოსაზრებებს გაუცვლიან ერთმანეთს და აღნიშნული თემების ირგვლივ გამართავენ დისკუსიებს.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის ასპექტებზე, ასევე კულტურათაშორისი ცოდნის გაზიარებასა და არაძალადობრივი კომუნიკაციების უნარების გაღრმავებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი საკითხების განხილვაში, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტების თემაზე და უცხოელ კოლეგებს იმ გამოცდილებას გაუზიარებს, რაც საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემდგომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მიიღო.

როგორც „პოზიციაში“ აცხადებენ, უკრაინაში, რომელიც, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იმყოფება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტების თემაზე დებატების გამართვა და აზრების გაზიარება. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის მიერ. მასპინძელ ორგანიზაციას წარმოადგენს SVIT Ukraine. პროექტის ორგანიზატორები არიან: SCI Germany, AVI Moldova, ArmActive Armenia, SVIT Ukraine.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები