გრაკლიანის ახალი აღმოჩენა: კასპში დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენაა – ძვ.წ. აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

გრაკლიანის ახალ აღმოჩენას ადგილზე გაეცნო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.

ახალი აღმოჩენის შესაფასებლად ადგილზე ასევე იმყოფებიან აკადემიკოსები: რისმაგ გორდეზიანი, ელგუჯა ხინთიბიძე და პროფესორები ლევან გორდეზიანი და გურამ გრიგოლია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური საიტი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები