ნუგზარ მალაღურაძემ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი თურქული კომპანიის დელეგაცია მიიღო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ურბანული კომისიის წევრმა – ნუგზარ მალაღურაძემ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი წამყვანი თურქული კომპანია “ოტოკარის” დელეგაცია მიიღო.
თურქ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა.
სტუმრებმა შეხვედრაზე საკუთარი კომპანიის მოკლე პრეზენტაცია წარმოადგინეს, სადაც ,,ოტოკარის“ დაარსებაზე და აღნიშნულ კომპანიაში წარმოებულ სატრანსპორტო საშუალებებზე ისაუბრეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა მუნიციპალური სატრანსპორტო უზრუნველყოფის საკითხებში თბილისთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
თავის მხრივ, ნუგზარ მალაღურაძემ და ირაკლი ლექვინაძემ თურქ ბიზნესმენებს დედაქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს და სტუმრებს დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ნუგზარ მალაღურაძემ და ირაკლი ლექვინაძემ „ოტოკარის“ წარმომადგენლებს იმ საერთაშორისო ტენდერის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც უახლოეს მომავალში დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადდება და იმედი გამოთქვეს, რომ წამყვანი თურქული კომპანია მასში მონაწილეობას მიიღებს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საერთაშორისო ტენდერის შედეგად დედაქალაქი იმ სასურველ შედეგს მიიღებს, რაც მგზავრთა მაღალი კლასის კომფორტული ავტობუსებით გადაყვანას გულისხმობს.