დავით სერგეენკო: ჩვენი ფუნქციაა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დახმარება მერიასთან თანამშრომლობით
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 13 ივნისს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიაში სამინისტროს ძირითადი ფუნქცია არის სოციალური დახმარების უზრუნველყოფა მერიასთან თანამშრომლობით. როგორც დავით სერგეენკომ წყნეთი-ბეთანიის გზაზე 13 ივნისის სალიკვიდაციო უწყებათშორისო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, კომისიაში თავიდან ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია იყო ინფექციებთან და ტრავმებთან ბრძოლა.
“ახლა, ძირითადად, ჩვენი ფუნქცია არის სოციალური დახმარების უზრუნველყოფა მერიასთან თანამშრომლობით. ამ მხრივ მერმა უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების კომპენსაციებში გამოიხატება. მერმა უკვე წარმოადგინა იმის შესახებ მოხსენება, თუ რამდენმა ოჯახმა მიიღო ეს კომპენსაცია, როგორ მიდის პროცესი. ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციაა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათშორისი კომისიის სხდომა წყნეთი-ბეთანიის გზაზე გაიმართა.