სემეკში “თელასის” ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა ხვალ გაიმართება

სემეკში ხვალ “თელასის” ტარიფთან დაკავშირებით მორიგი წინასწარი განხილვა გაიმართება, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს.
ამავე ინფორმაციით, “თელასის” კაპიტალური დანახარჯების შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება, იგი საჯაროა და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კომისიის დადგენილების გამოსაცემად. დადგენილების გამოცემის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების, დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად – 2015 წლის 18 დეკემბერი.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარადგინოს თავისი მოსაზრება და წინადადება კომისიაში შემდეგ მისამართზე – ა.მიცკევიჩის N19. ამასთანავე, დაინტერესებული პირი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს ვინაობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები