კონკურსის WorldSkills Georgia-ს გამარჯვებულები ბრაზილიაში, საერთაშორისო კონკურსზე იმყოფებიან
კონკურსის WorldSkills Georgia-ს გამარჯვებულები, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსზე იმყოფებიან.
WorldSkills-ი რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრება 2015 წლის 11-16 აგვისტოს, ქალაქ სან-პაულოში იმართება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სან-პაულოში ექვსი ახალგაზრდა წარმოადგენს, რომელთაც 2014 წლის დეკემბერში თბილისში ჩატარებული WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნულ შეჯიბრებაში გაიმარჯვეს.
შეჯიბრება ექვს პროფესიაში ჩატარდა : შედუღება, ვებდიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე.
გამარჯვებული სტუდენტები არიან: მალხაზ ჩიფჩიური, ანდრო ველიჩენკო, გიორგი ჭეიშვილი, ლეონარდო სტეფანოვი, ანა შავაძე და ლია ბულაური.
სწორედ ამ შეჯიბრებაში გამარჯვებულები (თითოეულ პროფესიაში პირველ ადგილზე გასულები) მონაწილეობენ მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაში.
Worldskils-ის ფრგლებში წელს პირველად ტარდება სამთავრობო შეხვედრა, რომელსაც 64 ქვეყნის მაღალი დონის თანამდებობის პირები დაესწრებიან.
შეხვედრის მიზანია პროფესიული განათლების განვითარების საკითხებზე მსჯელობა და თანამშრომლობაზე შეთანხმება. შესაბამისად, ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია და საქართველოს წარმომადგენლებს ამხნევებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.
WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად პროფესიულ უნარებში კონკურსები იმართება, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. პროექტი 2012 წელს დაიწყო და მას სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ახორციელებს.