თელავის მუნიციპალიტეტსა და სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტსა და სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის საერთო ღირებულება 7,052,133 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.
სოფელ კურდღელაურს, სადაც 1500 ოჯახი ცხოვრობს, წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდება. სოფელში წყალი კვირაში ერთხელ, მხოლოდ ერთი საათით მოდის და ისიც, არსებული ქსელის დაზიანების გამო სასმელად არ გამოიყენება.
წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია თელავის მუნიციპალიტეტშიც. მოსახლეობის ნაწილს წყალი 5-6-საათიანი , ნაწილს კი 8-10 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თელავის მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება წყლის მიწოდების გრაფიკი და სასმელი წყლის ხარისხი, ხოლო სოფელ კურდღელაურის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება.
სოფელ კურდღელაურში რეაბილიტაცია უტარდება ამორტიზირებულ ქსელს, რომლის საერთო სიგრძე 70 კმ-ია. შენდება 3 ახალი რეზერვუარი. გაკეთდება 2 ახალი ჭაბურღილი. აღნიშნული პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. პროექტს შპს „ტრესტ ნეფთგაზ ტიკინტი“ ახორციელებს.