“რქაწითელზე”, “კახურ მწვანესა” და “საფერავზე” სუბსიდიები გაიცემა
“რთველი 2015”-ის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს სუბსიდია 1 კგ “რქაწითელსა” და “კახურ მწვანეზე” 35 თეთრი და 1 კგ “საფერავზე” 15 თეთრი გაიცემა, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა 2015 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი სამანიშვილთან ერთად ისაუბრა.
როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მისი უწყება წლევანდელი რთვლის სუბსიდურებას არ აპირებდა, თუმცა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, სუბსიდირება გადაწყდა.
მისივე თქმით, წელს სუბსიდიას მიიღებენ არა ღვინის კომპანიები, არამედ მევენახეები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პრინციპის უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს, დაგვიანების გარეშე, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
“ჩვენ არ ვგეგმავდით რთვლის სუბსიდირებას, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დავასუბსიდირებთ რთველს. ყოველივე ეს განაპირობა არსებულმა მდგომარეობამ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ სჭირდება დარგს დახმარება, თუმცა არ შევდივართ ფასის ფორმირების ნაწილში”, – განაცხადა დანელიამ.
მან სახელმწიფოს მიერ გატარებულ ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა, კერძოდ, აგროდაზღვევაზე, იაფი აგროკრედიტის სისტემასა და სეტყვის საწინააღმედეგო დანადგარებზე. როგორც დანელიამ აღნიშნა, აუცილებელია ყურძნის მაღალი ხარისხი.
“იმ შემთხვევაში, თუ ჩაუბარებელი დარჩა ყურძენი, ვინაიდან ვიცით, რომ მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაშინ შესაძლოა, ჩაერიოს სახელმწიფო და ჩაიბაროს, რათა ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი”, – განაცხადა დანელიამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ წელს რთვლის სააკორდინაციო შტაბები თელავსა და გურჯაანში განთავსდება და ოფიციალურად მუშაობას აგვისტოს ბოლოს შეუდგებიან.
მისივე თქმით, იმუშავებს ვებგვერდი, სადაც დაინტერესებულ პირს შეეძლება ჯამური ინფორმაციის ნახვა. ასევე იმუშავებს „ცხელი ხაზი“, სადაც რთვლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.
როგორც სამანიშვილმა აღნიშნა, წელს მოსავალი გაზრდილია და ხარისხობრივადაც კარგია.