პატრიარქმა მრევლს რეგიონებისთვის წიგნების შეგროვება სთხოვა
რეგიონებში მიგვაქვს წიგნები. ვისაც ზედმეტი წიგნები გაქვთ, თუ შეგიძლიათ შემოგვწირეთ და ჩვენ მათ რაიონებში გავანაწილებთ, – ასე მიმართა მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ და პროექტის, “მოსიარულე ბიბლიოთეკა – წიგნი ყველა სოფელს” მეორე ეტაპის დაწყება დალოცა.
დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან სპეციალური ავტობუსი, წარწერით “მოსიარულე ბიბლიოთეკა” რაჭის მიმართულებით გაემგზავრა.
“წიგნი ყველა სოფელს” არასამთავრობო და ბიზნესექტორის, სახელმწიფოს, საპატრიარქოს ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია “სტუდენტური ერთიანობისა” და ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” ორგანიზებით ხორციელდება. პროექტი რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლოებაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზდრობის განვითარების ფონდის, “ვისოლ ჯგუფის”, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, “პალიტრა L”-ის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდამჭერით რაჭის რეგიონში არსებული ათამდე ბიბლიოთეკა 2 000-მდე ახალი წიგნით მომარაგდება.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი თბილისის მასშტაბით. სპეციალური ყუთები განთავსებულია “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ “სმარტის”, ამერიკული რესტორნების ქსელ “ვენდის” და “დანქინ დონატსის” რესტორნებში, ყუთები განთავსებულია ასევე შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშუეთის ტაძარი და დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.