8 აგვისტოს ღონისძიებები გორში ფრანების გაშვებით დასრულდა

აგვისტოს ომის 7 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნითი ცერემონიალი გორში, მეხუთე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქართველ მებრძოლთა ხსოვნას შეიარაღებული ძალებისა და გენერალური შტაბის მაღალი რანგის ოფიცრებმაც მიაგეს პატივი. თავდაცვის მინისტრი დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებსაც შეხვდა და გაესაუბრა. თინათინ ხიდაშელმა და ვახტანგ კაპანაძემ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

“8 აგვისტოს გორში აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავით. დღის განმავლობაში აქ მრავალი ღონისძიება იყო, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებსა და დედაქალაქში. დასკვნითი ღონისძიების გამართვა მეხუთე ბრიგადაში იმიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ომის დროს ეს ბრიგადა, ალბათ, მაინც ყველაზე მეტად დაზარალდა, ისევე, როგორც ეს ქალაქი, და შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და ღონისძიებაზე შეკრებილებს აცნობა, რომ მარჯანიშვილის თეატრი სპეციალურად მათთვის რეზო ჩხეიძის სპეკტაკლ „არტ ხელოვნებას“ გამართავდა. თეატრალური წარმოდგენის მიზანი კი იმის ჩვენება იყო, რომ ტრაგედიის შემდეგ სიცოცხლე კვლავ გრძელდება.

„უნდა ვიცოცხლოთ სწორედ იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, პატივს მივაგებდეთ გმირების ხსოვნას და, მეორე მხრივ, მომავალს ვაშენებდეთ“,- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება გორში გვიან ღამით დასრულდა. სამხედროებმა დაღუპული გმირების სახელზე საქართველოს დროშის ფერებში შეღებილი ფრანები გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები