როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
თბილისში დღეს და ხვალ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლოა, თან ახლდეს ელჭექიც.
„საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ზოგან ელჭექიც არის მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ქარი 10-15 მ. წმ სიჩქარით. ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 27-32 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში კი, – 32 -37 -მდე აიწევს“, – აღნიშნა თამარ გულედანმა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, წვიმიანი ამინდი საქართველოს დედაქალაქში ხვალაც შენარჩუნდება, თუმცა ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით ხვალ მოიმატებს.
„ხვალ თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა 32 გრადუსი იქნება, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 8-13 მ.წმ სიჩქარით. დასავლეთ საქართველოში უმეტესად – უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 33-38 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 30-35 გრადუსამდე აიწევს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას თამარ გულედანმა.