გაერთიანდებიან თუ არა “სილქნეტი” და “კავკასუს ონლაინი”, 11 აგვისტოს გახდება ცნობილი
საქართველოს ინტერნეტბაზარზე ორმა კომპანიამ – “სილქნეტმა ” და “კავკასუს ონლაინმა” გაერთიანების ინიციატივით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართეს, – ამის შესახებ „კვირას“ კომპანია „სილქნეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თეონა წერეთელმა განუცხადა.
მისი თქმით, სს “სილქნეტისა“ და შპს “კავკასუს ონლაინის” შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 11 აგვისტოს განიხილავს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომპანია „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განაცხადი – ორი კომპანიის გაერთიანების ინიციატივის თაობაზე 27 ივლისს შევიდა.
“ჩვენ ვადასტურებთ, რომ 2015 წლის 27 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შევიდა კომპანია სილქნეტისა და კავკასუს ონლაინის ერთობლივი განაცხადი – ორი კომპანიის გაერთიანების ინიციატივის თაობაზე. ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ ინიციატივა, რომელზეც კომისიამ უნდა იმსჯელოს, მომდევნო კვირაში ჩვენ მივაწვდით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით”, – განუმარტეს “კვირას“ კომპანია სილქნეტში.