„დღეს ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, ვინც ქართული სახელმწიფო თავისი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა“
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, 2008 წელს დაღუპულმა გმირებმა ქართული სახელმწიფო თავისი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს.
“დღეს ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, ვინც ქართული სახელმწიფო შეინარჩუნა თავისი სიცოცხლის ფასად. ამავე დროს, კიდევ უფრო ღრმად ვფიქრობთ იმაზე, რაც არის გასაკეთებელი, საქართველო იქნება მთლიანი, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ ამას გავაკეთებთ, არა ადამიანების სიცოცხლის ფასად, არამედ იმ ერთიანი პოლიტიკით, რომელშიც უნდა ვიყოთ გაერთიანებული აბსოლუტურად ყველა. თქვენ იცით, რომ წლის დასაწყისში ჩვენ ქართული საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების შიგნით დავიწყეთ დისკუსიების და კონსულტაციების გამართვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში უნდა ვიყოთ ყველანი აბსოლუტურად გაერთიანებულნი. როგორ ზუსტად, კოორდინირებულად ვაწარმოოთ ერთიანი პოლიტიკა, საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით, განურჩევლად იმისა, რომელ კოალიციას და პარტიას მივეკუთვნებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს უნდა გაერთიანდეს, გაერთიანდეს არა დაპირისპირების, არამედ სიყვარულის, მეგობრობის ხარჯზე.
“ამ პროცესის შინაარსი მდგომარეობს შემდგომში – საქართველო უნდა გაერთიანდეს, გაერთიანდეს არა დაპირისპირების, არამედ სიყვარულის, მეგობრობის ხარჯზე და ფასად. ეს პროცესი გრძელდება და მას აუცილებლად ექნება წარმატება და შედეგი”, – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.