ყირიმში კოკტებელის სოფლის გამგებელი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ყირიმის ფეოდოსიის რაიონის სოფელ კოკტებელის გამგებელი როსტისლავ სტოროჟიკი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს ინფორმაცია, „ბი-ბი-სის“ ცნობით, ანექსირებული ყირიმის პროკურორმა ნატალია პოკლონსკაიამ დაადასტურა.
მანამდე ეს ინფორმაცია ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, რომელთა ვერსიით, სტროროჟიკის სიკვდილი შეიძლება კრიმინალურ გარჩევებთან იყოს დაკავშირებული.
„ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ამის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ ვერსიებისგან თავს ვიკავებთ, ამ საქმით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტია დაკავებული“, – განაცხადა პოკლონსკაიამ.
ადგილობრივ მოსახლეობას თვითმკვლელობის არ სჯერა და ამბობენ, რომ წინა დღეს როსტისლავ სტოროჟიკი საქმით აქტიურად იყო დაკავებული და თვითმკვლელობას ნამდვილად არ აპირებდა.
სტოროჟიკი კოკტებელის ადმინისტრაციის უფროსად 2015 წლის 28 აპრილს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები