Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველო წელიწადის ამ დროს მთის ჰაერის, ვენახებით დაფარული ველებისა და კომპაქტური ქალაქების ნაზავია, სადაც ჩამოსვლის შემდეგ მოგზაურობას დიდი დაგეგმვა არ სჭირდება. მაისში ქვეყანაში უკვე ნამდვილი გაზაფხულია: თბილისში ტემპერატურა 15–25°C-ია, კავკასიონის მაღალმთიან რეგიონებში კი უფრო გრილა და თოვლის დნობისგან ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული,“ – წერს Conde Nast Traveller-ის ჟურნალისტი.

სტატიაში აღწერილია თბილისი, ქალაქის ისტორიული უბნები და ტურისტული მარშრუტები. საქართველოს დედაქალაქთან ერთად Conde Nast Traveller მკითხველს რეგიონებში მოგზაურობასაც ურჩევს.

„თბილისიდან მოგზაურები ხშირად მიემართებიან ჩრდილოეთით, ყაზბეგის მიმართულებით. მაისში ხეობა მთლიანად გამწვანებულია, ტემპერატურა 10–20°C-ის ფარგლებშია, რაც კომფორტულ პირობებს ქმნის ლაშქრობისთვის. გერგეტის სამების ტაძრამდე ასასვლელი სალაშქრო ბილიკი ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, სადაც ცვალებადი ღრუბლოვანი პეიზაჟები იშლება“,- აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე აღწერილია კახეთის რეგიონში მდებარე საოჯახო მარნები ღვინის დეგუსტაციებით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – მცხეთა და უფლისციხე.

პუბლიკაციაში, საქართველოსთან ერთად, ნეპალი, შრი-ლანკა და ბუტანია დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები