ლევან მახაშვილი – საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე: ამ დოკუმენტს ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა.

„ეს არის ხმაურის ატეხის არაფრის მომეცი, იაფფასიანი მცდელობა, იმისთვის რომ საქართველოში რაღაც დღის წესრიგი გააჩინონ. სხვა მხრივ – არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად, ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა ამ დოკუმენტს არ აქვს. რა თქმა უნდა, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციებში, აქაც უამრავი ტყუილი, ბრალდება და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრების. თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს ესა თუ ის საკითხი – კანონმდებლობა იქნება, ხელისუფლების გადაწყვეტილებები თუ ა.შ., მზად ვართ მათ კონსტრუქციულად დაველაპარაკოთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული მტკიცებულებებით“, – აცხადებს მახაშვილი.

ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, „პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“. ამასთან, რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები