თენგიზ შარმანაშვილი: ევროპარლამენტის ცრუ ნარატივებს იმეორებენ ერთი-ერთში ფრანგი ქვედა პალატის წარმომადგენლები
“ევროპარლამენტის ცრუ ნარატივებს იმეორებენ ერთი-ერთში ფრანგი ქვედა პალატის წარმომადგენლები”,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არგუმენტების გარეშე დასკვნების გამოტანა წარმოუდგენელია.
„ჰქონდა საფრანგეთს ერთი მცდელობა მაინც იმისა, რომ ჩვენთან გაერკვიათ ის, რისი პრეტენზიებიც გააჩნიათ? პირდაპირ გადმოწერეს ევრო ბიუროკრატებისა და ევროპარლამენტის ყალბი ნარატივები თავის რეზოლუციაში და მერე ვითომ დასკვნები გამოიტანეს, რომ მოდი ხომ არ დავასანქციროთ ამის გამო. ასეთი უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგაა ვართ ჩვენ ყოველთვის“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, „პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“. ამასთან, რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.