ნოდარ ხადური ჩინეთის ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე ჩინეთის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით გაწეულ დახმარებებს.
საუბრისას, მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდის მნიშვნელობას, რომელიც 24-25 აგვისტოს თბილისში იმართება.
როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს ბანკის აღნიშნულ შეკრებას. ფორუმის ფარგლებში, ქართული მხარე წარადგენს სპეციალურ პრეზენტაციას ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
როგორც აღინიშნა, აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსები.
საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყანა მიმდინარე წლის 29 ივნისს, სხვა 56 ქვეყანასთან ერთად გახდა.
საქართველოს მხრიდან სადამფუძნებლო ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები