იმნაძის ვარაუდით, ნოროვირუსით მასობრივი დაინფიცირება შესაძლოა, სასმელი წყლით იყოს გამოწვეული – სპეციალისტი დაინფიცირებულ მოქალაქეებს რჩევებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ კახეთში გახშირებული ნოროვირუსი შესაძლოა, სასმელი წყლით იყოს გავრცელებული,- ამის შესახებ იმნაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
უფრო მეტიც ვირუსი, შესაძლოა, ადამიანს რამდენჯერმე დაემართოს, თუმცა, იმნაძის თქმით, თვითონ დაავადება მძიმე არ არის და ის მარტივი მოსარჩენია.
პაატა იმნაძე მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვას და სასმელი წყლის გადადუღებას ურჩევს.
„ნოროვირუსის მთავარმა პიკმა ჩაიარა. გუშინ ამ ვირუსით საავადმყოფოში 24 ადამიანი შევიდა მაშინ, როდესაც გუშინწინ, დღის განმავლობაში, 80-ზე მეტმა მიაკითხა დაწესებულებას.
ნოროვირუსული ინფექცია მთელ მსოფლიოშია. ის ნაწლავურ ინფექციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირია და შეიძლება დაემართოს დიდსაც და პატარასაც, უფრო მეტიც, შესაძლოა, ის ადამიანი რამდენჯერმეც დასნებოვნდეს. არის გამძლე ვირუსი. ნოროვირუსის აფეთქებები ზამთარშიც ხდება. ყველაზე ხშირია საკვებით დაინფიცირების შემთხვევები, მეორე ადგილზეა პირდაპირი საყოფაცხოვრებო კონტაქტები და მესამე ადგილზეა წყლისმიერი აფეთქებები. ეს შეიძლება, როგორც ნებისმიერ წყალსატევში ბანაობისას, ასევე შესაძლოა, სასმელი წყლითაც გავრცელდეს. მე სასმელი წყლის გარდა სხვა ხილულ მიზეზს, რასაც ამდენი ადამიანის დაინფიცირება შეეძლო, ვერ ვხედავ.
ზოგ ადგილში წყალი გრაფიკითაა,  მოსახლეობის დიდი ნაწილი არაკანალიზირებულია და ტუალეტები ორმოებზე მდებარეობს, წყლის მილი ორმოსთან ხშირად ძალიან ახლოს მდებარეობს. ეს ვირუსი გარემოში ფეკალიებთან და პირნაღებ მასასთან ერთად გამოიყოფა. ავადმყოფის ერთ გრამ ფეკალიაში არსებული ვირუსის რაოდენობა 5 მილიარდი ადამიანის დამასნებოვნებელი დოზაა. ნემსის წვერზე ეტევა ვირუსი, რომელიც 1000 ადამიანს გახდის ავად, თუმცა თვითონ დაავადება, საბედნიეროდ, მძიმე არ არის. ის მარტივი მოსარჩენია. ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ვირუსით მოხვდა საავადმყოფოში, ერთ გადასხმას გაუკეთებენ და საკმარისია. 4 საათზე მეტი ჰოსპიტალიზაცია სულ რამდენიმე ადამიანს – ბავშვებს დასჭირდათ. აუცილებელია მკაცრად დავიცვათ ჰიგიენური წესები, ხოლო ისეთ ადგილებში, სადაც წყალი გრაფიკითაა, მოსახლეობამ გადადუღებელი წყალი უნდა მიიღოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები