11 აგვისტოს შინდისში 2008 წლის ომში დაღუპული 17 გმირის სახელზე აშენებულ ტაძარში პარაკლისი აღევლინება
11 აგვისტოს, სოფელ შინდისში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომელიც 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული 17 ბიჭის სახელზე აიგო. პარაკლისს მეუფე ანდრია აღავლენს.
ტაძრის კურთხევას დაესწრებიან 17 დაღუპული გმირის ოჯახის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
სოფელ შინდისში გაიმართება ფილმის ჩვენება – „შინდისის გმირები, ანუ რუსული დერეფანი”. ფილმის ჩვენების გარდა, ადგილზე დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ ტაძარი უნდა გახსნილიყო 11 აგვისტოს, რომელსაც გახსნიდა და აკურთხებდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თუმცა, ვინაიდან ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა, პატრიარქი შინდისში სექტემბრის თვეში ჩაბრძანდება და სწორედ სექტემბერში მოხდება ტაძრის ოფიციალური გახსნა და კურთხევა.
პროექტ „შინდისის გმირების” ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. ედმონდ მინაშვლი ეკლესიის მშენებლობაში უდიდესი წვლილისთვის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს უხდის მადლობას:
„ტაძრის მშენებლობა დავიწყეთ 2008 წელს. ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც პატრიარქის კურთხევით ეძღვნება ყოველთა ქართველთა და ოსთა ბრძოლის ველზე მომწყდართა სახელის ხსოვნას. პატრიარქის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ის რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა გერმანიიდან, გახსნის ცერემონიალი ჩატარდება სექტემბრის ბოლოს. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში, ტაძარში ჩატარდება პარაკლისი, რომელსაც გადაიხდის მეუფე ანდრია. ტაძრის მშენებლობაში უდიდესი წვლილის შეტანისთვის დაღუპული ოჯახის წევრების სახელით მადლობას ვუხდი კახა კალაძეს. ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ტაძრის აღმშენებლობაში!”, – განაცხადა პროექტ „შინდისის გმირების” ავტორმა.