ბაბუშერიდან გადმოსვენებულ 12 ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ
ბაბუშერის სამარხიდან გადმოსვენებული 12 ნეშტი იდენტიფიცირებულია. იდენტიფიცირებულ ნეშტებს დღეს “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან” სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 18:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს. დღემდე, 10-მდე ასეთი შეხვედრა გაიმართა და სოხუმის ბაბუშერის და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია გადაწყდა.
2014 წლის გაზაფხულზე არგენტინელი ექსპერტ- ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერის სასაფლოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია.
იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ-პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისათვის ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა.